2008 წლის აგვისტოს ომი

ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომთან კავშირში სამი მაღალჩინოსანი ოსის დაკავების ორდერი გასცა

2008 წლის აგვისტოს ომი, რუსი სამხედროები

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა. სმხედრო დანაშაულები, რომლებიც ბრალად ედებათ, დაკავშირებულია 2008 წლის აგვისტოს ომთან და ამ წლის 8-27 აგვისტოს შორის უნდა ყოფილიყო ჩადენილი. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს საქმესთან დაკავშირებული პირველი დაკავების ორდერებია.

მაღალჩინოსანი ოსები, რომელთა დაკავების ორდერიც გაიცა, არიან: მიხეილ მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი. მინძაევი მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის როლს ასრულებდა 2005-2008 წლებში. გუჩმაზოვს 2008 წელს ებარა წინასწარი პატიმრობის დაწესებულება. რაც შეეხევა სანაკოევს, ის იყო ე.წ. პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

ისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის მიხედვით, მინძაევს, გუჩმაზოვსა და სანაკოევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ უფლებათა დარღვევის ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა უკანონო პატიმრობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, პირადი ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და ადამიანთა უკანონო გადაყვანა.

ასევე, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიებამ გამოავლინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, პარაშუტისტების დანაყოფის გენერლის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო დანაშაულებიც, თუმცა ბორისოვი ამჟამად უკვე მკვდარია. როგორც ბორისოვზეა ნათქვამი: "ითვლება, რომ მან განზრახ შეიტანა წვლილი ზოგიერთი ამ დანაშაულის აღსრულებაში". 

ჰააგის სასამართლოს მიხედვით, სეპარატისტი ოსები 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ჯარების უკან დახევის შემდეგ, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ძირითადად მოხუცებსა და დაავადებულებს.

აღსანიშნავია, რომ კარიმ ხანმა ხაზი გაუსვა პრორუსული ძალების დარღვევების მსგავსებებს 2008 წლის ომსა და უკრაინის მიმდინარე ომს შორის. 

"ჩემმა ოფისმა უკრაინაში სიტუაციის წინასწარი შემოწმების დროს ქცევის მსგავსი პატერნები დაადგინა. ღრმად შეშფოთებული ვარ მიმდინარე საერთაშორისო დანაშაულებთან  მიმართებაში, რომლებიც დღეს უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე ხდება". – აღნიშნა კარიმ ხანმა.

კომენტარები