ACT-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 87% მიიჩნევს, რომ "უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის". კომპანიამ სატელეფონო გამოკითხვა 4-6 მარტს, შემთხვევითი შერჩევით ჩაატარა და გამოკითხულებს რამდენიმე კითხვა დაუსვა. კვლევის შედეგები გიორგი თარგამაძემ TV ფორმულას ეთერში წარადგინა.
მოსახლეობის 96% ფიქრობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სრულად ან ნაწილობრივ საქართველოსაც ეხება. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა გაიმარჯვებს. ამავდროულად, უფრო მეტს, გამოკითხულთა 88%-ს სურს, ომში უკრაინამ გაიმარჯვოს. ასევე, მოსახლეობის 91% თვლის, რომ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთის მხრიდან არის სამხედრო დანაშაული.
საქართველოს მოქალაქეების 72% შიშობს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება. ამასთან, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ომის შედეგების მიუხედავად, რუსეთი შესაძლოა მაინც შემოიჭრას.
რაც შეეხება რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას, მოსახლეობის 84% პირდაპირ ამბობს, რომ "რუსეთი მტერია". 11% ამ კითხვას უარყოფითად პასუხობს, ხოლო 5%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალურმა კომპანია ACT-მ კვლევა 4-6 მარტის ჩათვლით სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 809 ადამიანი. შერჩევის ცდომილებამ 2.4% შეადგინა.