რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეუფე დიმიტრი: რუსმა მღვდელმთავრებმა უნდა შეაჩეროთ ბოროტმოქმედი პუტინი, ის რუსეთს დაღუპავს

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი
თეონა თურმანიძე

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგებისას რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინსა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომზე ისაუბრა. მეუფე დიმიტრის თქმით, რუს მღვდელმთავრებს წერილი გაუგზავნა, რათა "ეს ბოროტმოქმედი" შეაჩერონ, რადგან, მისივე სიტყვებით, პუტინი რუსეთს დაღუპავს, "თუ უკვე არ დაღუპა".

ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, ჩვენს სამეზობლოში. შეძრწუნებული ვართ იმ ბოროტებით, რაც ხდება უკრაინაში და თანავუგრძნობთ ამ მეტად მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს, ღმერთმა მისცეს მათ სიმხნევე და სიმტკიცე. 

გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს მიიჩნევს ქრისტიანად. მე ვიტყოდი, მას ქრისტიანულ ფასეულობებთან არაფერი საერთო არ აქვს. ის, რომ როდესაც ის მთელი გარკვეული სიამოვნებით მთელ მსოფლიოს უცხადებს და ეუბნება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, მე თუ ეს ჩემი ბირთვული იარაღი გამოვიყენეო, მას არაფერი არ აქვს ქრისტიანობასთან საერთო. ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ის ემუქრება შენს ქვეყანას, ის ემუქრება ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებსა და კაცობრიობას. 

როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი რუსეთში, ჩემთან ჩემი თანაკურსელები იყვნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, მათ შორის, უკრაინელები, რუსები, სერბები, ბულგარელები და ა.შ. ყოველდღიურად ვხედავთ საშინელებას, როგორ ინგრევა, როგორ ნადგურდება, როგორ იხოცება უამრავი ადამიანი - ბავშვები, ქალები, კაცები. მე ჩემს ზოგიერთ თანაკურსელს, მღვდელმთავრებს რუსეთში გავუგზავნე ასეთი შეტყობინება - თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი, უნდა შეაჩეროთ და ამხილოთ, რადგან ის დაღუპავს რუსეთს, თუ უკვე არ დაღუპა, უკიდურეს შემთხვევაში, მე გამიჭირდება თქვენთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, მათგან არანაირი პასუხი არ არის და ეს მოსალოდნელიც იყო. მე მაქვს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჩემს უამრავ მეგობართან, კურსელებთან უკრაინაში, ჩვენ ყოველდღიურად თვალცრემლიანები ვემშვიდობებით ერთმანეთს. განადგურებულია ზოგიერთი ეპარქია, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ყოველივე ამას. ძალიან გულნატკენები არიან, მე მხედველობაში მყავს ნაწილი რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, თავიანთ პატრიარქზე, რომელმაც, გარკვეულწილად, გაამართლა და ამ ბოროტმოქმედებას, რაც უკრაინაში ხდება, უწოდა რუსეთის ინტერესების დაცვა. 

მე ორი სიტყვით მინდა შევეხო იმ მდგომარეობას, რაც ჩვენს ხელისუფლებას და სახელმწიფოს გააჩნია - გარკვეული სიფრთხილე აუცილებელია, საჭიროა, რადგან ეს აღმოსავლური სიბრძნეა, როდესაც ადამიანი წყალში იხრჩობა, თავის გადარჩენის მიზნით გველსაც კი მოკიდებს ხელსო. ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ და ყველანაირი საზიზღრობა შეიძლება, ჩაიდინოს, ჩვენ რა მოგვეთხოვება? მხოლოდ ლოცვა, მეტი არაფერი არ შეგვიძლია. ეპარქიამ შეძლებისდაგვარად შეაგროვა გარკვეული შემოწირულობები, რომელიც ამ დღეებში გაიგზავნება უკრაინაში. მინდა კიდევ ერთხელ დავლოცო ეს მტკიცე, მედგარი, შეუპოვარი ხალხი და ვუსურვო მათ სიმხნევე და მტერთა ზედა გამარჯვება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები