რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დავითაშვილი რუსეთში პროდუქტის ექსპორტზე: აჟიოტაჟი, ვფიქრობ, ინფორმაციის ნაკლებობის გამოა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

"აჟიოტაჟი, ვფიქრობ, არის ინფორმაციის ნაკლებობის გამო".- ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას ეხმაურება.

მისი თქმით, რუსეთში საქართველოდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის საკითხი 2020 წელს დადგა დღის წესრიგში, როდესაც რამდენიმე კერძო კომპანიამ ახალ ბაზარზე გასვლა მოისურვა და რუსეთში მოთხოვნა გაგზავნა. 

"აქ მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან განცხადება რამდენიმე კომპანიიდან, რუსეთში გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე ეს კომუნიკაცია არ ყოფილა და ამიტომ აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, ვფიქრობ რომ არის ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მით უმეტეს, ომის პირობებში დამატებით ამ საკითხზე არ მიუმართავს. საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან, რომ აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა და ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები გააჩნია, ანუ კონკრეტულ საწარმოებს აღიარება სჭირდება მაკონტოლებელი ორგანოების მხრიდან. ეს ინფორმაცია საქართველოდან გაგზავნილია 2020 წელს და პასუხი იყო პარასკევს თუ შაბათს, როდესაც რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ განაცხადებზე, რომელიც ჰქონდა მიღებული საქართველოდან, ყოფილიყო დადებითი პასუხი".- ამბობს დავითაშვილი. 

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის დაწესებული სანქციების პარალელურად, რუსეთი აპირებს, ქვეყანაში 15 ქართული მწარმოებლის რძის პროდუქტის ექსპორტი დაუშვას. ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურმა (როსსელხორნადზორმა) წამოაყენა წინადადება, რომელიც 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემას ეხება.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია 5 მარტს მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც როსსელხორნადზორის ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან გოშარ ილახი ოგლი თახმზლისთან ერთად მონაწილეობდა.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიმართულებით მუშაობა და მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებელს უწოდებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს მაშინ, როცა ისინი უკრაინის ქალაქებს ბომბავენ.

კომენტარები