რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციაზე 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთის 44 ქალაქში უკრაინასთან ომის საწინააღმდეგო აქციაზე 6 მარტის 15:27 საათის მონაცემებით 1 754 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას უფლებადამცველი ჯგუფი OVD-Info აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, დაკავებულთა რაოდენობა შეიძლება უფრო მეტი იყოს.

"პოლიციის თითოეულ განყოფილებაში შეიძლება უფრო მეტი დაკავებული იყოს, ვიდრე გამოქვეყნებულ სიებშია. ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანების სახელებს ვაქვეყნებთ, რომელთა შესახებ დანამდვილებით ვიცით და ვისი სახელის გამოქვეყნებაც შეგვიძლია" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები