უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთს უკრაინაში შეჭრა და ბრძოლა ომის წესების დარღვევით ჰქონდა დაგეგმილი.
"ალაპარაკდნენ რუსი სამხედროები, რომლებიც ჩვენმა დამცველებმა ტყვედ აიყვანეს. მათ შორის არიან თვითმფრინავების პილოტებიც, რომლებიც ჩვენს ქალაქებს ბომბავდნენ, ჩვენს მშვიდობიან ხალხს. ჩვენ მოვისმინეთ მათი ჩვენები, ვნახეთ დოკუმენტები, რუკები, გეგმები. ეს არ არის გუშინ დაგეგმილი, არ არის იმპროვიზაცია. ამ შეჭრას სწორედ ასე ამზადებდნენ - სასტიკად, ცინიკურად, წინასწარვე ომის წესების დარღვევით." - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ასევე გეგმავს ქალაქ ოდესის დაბომბვას. ზელენსკის ცნობით, უკრაინაში ქვეყნის აღდგენისთვის ოთხი სპეციალური ფონდი ყალიბდება.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





