უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპაცია დროებითია და ის უკრაინელ ხალხს წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს.
"განსაკუთრებული გმირობაა პროტესტი, როცა შენი ქალაქი ოკუპირებულია. დაე დროებით. როცა არ გაქვს იარაღი, შენ კი სროლით გპასუხობენ. როცა არ გაქვს ჯავშანი, შენკენ კი БТР-ი მოდის, შენ კი არ იწევი გვერდზე. სწორედ ამიტომ, ოკუპაცია დროებითია", – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ბრძოლით დაბრუნებული მიწის ყოველი მეტრი არის ნაბიჯი უკრაინის გამარჯვებისკენ.
"ჩვენი უკრაინული მიწის ყოველი მეტრი, პროტესტითა და ოკუპანტების დამცირებით დაბრუნებული, არის ნაბიჯი გამარჯვებისკენ მთელი უკრაინისთვის. ეს არის სიცოცხლის შანსი. უკრაინელებო, ყველა ჩვენს ქალაქში, სადაც შევიდა მტერი, შეიგრძენით ეს, გადადით შეტევაზე", – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
"საჭიროა ქუჩაში გასვლა! საჭიროა ბრძოლა! ყოველ ჯერზე, როცა შესაძლებლობა არსებობს. როგორც ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში, კონოტოპში, საჭიროა გარეთ გამოსვლა და ამ ბოროტების ჩვენი ქალაქებიდან განდევნა", – დაამატა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, არ უნდა დაუშვან ახალი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მსგავსი წარმონაქმნების დაარსება. მისი თქმით, ე.წ. დსრ-სა და ლსრ-ში ცხოვრება შეუძლებელია.
აქამდე, 5 მარტს უკრაინის რამდენიმე ქალაქში, სადაც რუსი სამხედროები შესული იყვნენ, ოკუპანტების წინააღმდეგ ადგილობრივი მცხოვრებლების აქციები გაიმართა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





