რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი ზელენსკის: სააკაშვილის გზის არჩევა, გაქცევა, შიშით ჰალსტუხის ღეჭვა გინდა?

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და ურჩევს, ძალაუფლება ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს გადასცეს. მიმართვას კადიროვი საკუთარი ტელეგრამის არხზე ავრცელებს. კადიროვი იმეორებს კრემლის დეზინფორმაციას, რომ ზელენსკიმ უკრაინა დატოვა. დამამცირებელ მიმართვაში კადიროვმა საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ახსენა.

"ჯერ კიდევ არაა გვიან, სახის შენარჩუნებისა და გზის ღირსეულად გავლის მცდელობისთვის. ნუ შეურაცხყობთ ხალხს. დაბრუნდით, ვლადიმირ! ნუთუ გსურთ სააკაშვილის გზის არჩევა და მთელი დარჩენილი დრო გარბოდეთ, შიშით ჰალსტუხს ღეჭდეთ?... ნუ მოიხიბლებით. განსაკუთრებით. არ მოგმართავთ როგორც პრეზიდენტს. ასეთი უკრაინისთვის კანონის მიხედვით ვიქტორ იანუკოვიჩი რჩება. აი, იმ ლეგიტიმურ პრეზიდენტს გადაეცით ძალაუფლება და მიენდეთ ბედს. იქნებ, მაშინ დარჩეს დანაშაულის ნაწილობრივ გამოსყიდვის შანსები", –  წერს კადიროვი. 

პრორუსი ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან 2014 წელს, ევრომაიდანის მოვლენების შედეგად გაიქცა და თავი რუსეთს შეაფარა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები