რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: ომი უკრაინაში, სავარაუდოდ, არც ისე მალე დასრულდება, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ზეწოლა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ დასრულდება და აშშ-მ, ევროკავშირთან ერთად, რუსეთზე ზეწოლა უნდა განაგრძოს. ამის შესახებ ბლინკენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ტრაგიკულია, საშინელებაა, მაგრამ ეს [ომი] შესაძლოა არც ისე მალე დარულდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ იმ ძალისხმევის მხარდაჭერა, რომელსაც ერთად ვახორციელებთ. მას უნდა დავეყრდნოთ. უნდა გადავიდეთ საქმის არსზე". - თქვა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა შეწყვიტოს ის ზეწოლა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ არის მიმართული.

"ჩვენ უნდა განვაგრძოთ ეს [ზეწოლა] მანამ, სანამ ის [პუტინი] არ გაჩერდება, სანამ ომი არ დასრულდება. რუსული ძალები გავლენ, უკრაინელი ხალხი კი დაიბრუნებს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ". - თქვა ბლინკენმა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები