რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლის მერი: ნაძირლებმა გასატეხად სხვა გზა ვერ იპოვეს, ჰუმანიტარულ კატასტროფას სჩადიან

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო წერს, რომ რუსი ოკუპანტები ქალაქში "ჰუმანიტარულ კატასტროფას სჩადიან", აფერხებენ საკვების მიწოდებას, აზიანებენ მატარებლებს და ხელს უშლიან დაჭრილებისა, ქალებისა და ბავშვების გაყვანაში.

"ამ ნაძირლებმა სხვა გზა ვერ იპოვეს ჩვენს გასატეხად. ისინი აფერხებენ ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მოწოდებასა და აღდგენას. მათ დააზიანეს სარკინიგზო ხაზები, დაანგრიეს ხიდები, დალეწეს მატარებლები, რათა მარიუპოლიდან ქალები, ბავშვები და მოხუცები ვერ გამოვიყვანოთ. აფერხებენ საკვების მიწოდებას, გვიქმნიან ბლოკადას, როგორც ყოფილ ლენინგრადში. 7 დღის განმავლობაში შეგნებულად ანადგურებენ ქალაქის სასიცოცხლოდ აუცილებელ ინფრასტრუქტურას. ჩვენ ისევ არ გვაქვს სინათლე, წყალი და სითბო. პუტინის ურდოს სამხედროები გამუდმებით მომბავენ ქალაქს და ხელს გვიშვლიან დაჭრილების, ქალებისა და ბავშვების გაყვანაში". - წერს ის.  

ბოიჩენკო წერს, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ინფრასტრუქტურა მალე აღდგეს. 

"მარიუპოლი რჩება ცეცხლის ქვეშ, იტანჯებიან ქალები, ბავშვები და მოხუცები. ჩვენ ვნადგურდებით, როგორც ერი. ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდი". - წერს ის.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები