რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია: მოლაპარაკებები გაიმართება, მაგრამ არა ბელოვეჟსკაია პუშჩაში

დავით არახამია

უკრაინის რადის ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერის, დავით არახამიას ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ბელოვეჟსკაია პუშჩაში არ გაიმართება. ამის შესახებ მან FACEBOOK-ზე დაწერა

"ინფორმაცია ბელოვეჟის ტყეში მოლაპარაკებების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მოლაპარაკებები ნამდვილად იქნება, მაგრამ ადგილი სხვაა. ყველა დეტალი მოგვიანებით".- წერს არახამია. 

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა და 6 საათს გაგრძელდა. 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ თავდაცვის მინისტრი ოლეკსეი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხარკოვის მიმართულებით სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი – დაიჭრა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშჩენკოს ცნობით, ქალაქს БМ-21 Град-ებით ბომბავდნენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები