რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"შიში უნდა დავამარცხოთ, გამოვიდეთ და ომის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ" – ნავალნის მიმართვა

NYT

დაპატიმრებულმა რუსმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ, Facebook-ის გვერდზე მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ხალხს მოუწოდებს, რომ გამართონ დემონტრაციები და იბრძოლონ ომის წინააღმდეგ.

ნავალნი წერს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მყოფმა ადამიანებმა აქციები უნდა გამართონ, შაბათ-კვირობით მოაწყონ მსვლელობები, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი გავა ქუჩაში.

"ჩვენ - რუსეთს გვსურს, რომ ვიყოთ მშვიდობის ერი. ვაი, რომ ახლა ასე ცოტა მოგვიხსენიებს.

მაგრამ, მოდით შეშინებული, მდუმარე ერი არ გავხდეთ. ლაჩრები, რომლებიც თითქოს ვერ ამჩნევენ ჩვენი აშკარად შეშლილი მეფუკის გაჩაღებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

მე არ შემიძლია, არ მინდა და არ დავდუმდები, როდესაც ვუყურებ, 100 წლის წინანდელი მოვლენების შესახებ ფსევდოისტორიული აბსურდი როგორ გახდა საბაბი, რომ რუსებმა დახოცონ უკრაინელები და უკრაინელებმა, თავის დაცვის დროს, მოკლან რუსები.

21-ე საუკუნის 20-იანი წლებია და ჩვენ ვუყურებთ სიახლეებს დამწვარი ტანკებისა და დაბომბილი სახლების შესახებ. ჩვენ ვუყურებთ ტელევიზორში რეალურ მუქარებს ბირთვული ომის დაწყების შესახებ.

მე საბჭოთა კავშირში დავიბადე. ჩემი ბავშვობიდან დან მთავარი ფრაზა "მშვიდობისთვის ბრძოლა" იყო. მოვუწოდებ ყველას, დაიკავონ ქუჩები და იბრძოლონ მშვიდობისთვის.

პუტინი არ არის რუსეთი და ახლა თუ არის რამე რუსეთში, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ, ეს ის 6 853 ადამიანია, რომლებიც დააკავეს ყოველგვარი მოწოდების გარეშე ქუჩაში გამოსვლისთვის და "არა ომს" ბანერების დაჭერისთვის.

ამბობენ რომ მას, ვინც თავად არ გადის აქციაზე და არ დგება დაჭერის რისკის ქვეშ, არ აქვს უფლება ამისკენ მოუწოდოს სხვა ადამიანებს. მე უკვე ციხეში ვარ და, ვფიქრობ, მაქვს ამის უფლება. ერთი დღით მოცდაც არ შეიძლება. სადაც არ უნდა იყოთ - რუსეთში, ბელარუსში ან სამყაროს ნებისმიერ წერტილში, გადით თქვენი ქალაქის მთავარ მოედანზე ყოველ სამუშაო დღეს 19:00 საათზე და შაბათ-კვირებსა და დღესასწაულებზე 14:00 საათზე.

თუ შეგიძლიათ შაბათ-კვირობით მსვლელობები მოაწყვეთ. დიახ, პირველ დღეს შეიძლება ცოტა ხალხი იყოს, მეორე დღეს - კიდევ უფრო ცოტა. თუმცა, ჩვენ კრიჭა უნდა შევიკრათ, შიში დავამარცხოთ, გამოვიდეთ და ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ.

ყოველი ერთი დაკავებული ადამიანი უნდა ჩანაცვლდეს ორით.

თუ ომის შესაჩერებლად საჭირო გახდა ციხეებისა და საბადრაგო მანქანების გავსება, ასეც უნდა მოვიქცეთ.

ყველაფერს აქვს ფასი და ახლა - 2022 წლის გაზაფხულზე, ჩვენ ეს ფასი უნდა გადავიხადოთ. არავინ სხვამ. მოდით, არ ვიყოთ უბრალოდ ომის წინააღმდეგ. მოდით, ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ". - წერს ალექსეი ნავალნი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო. უფლებადამცველი ორგანიზაციის OVD-Info-ს ცნობით ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები