რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ის ბირთვული იქნება.
"მესამე მსოფლიო ომი გამანადგურებელი ბირთვული ომი იქნება". - ამბობს ლავროვი.
ასევე, ლავროვის თქმით, რუსეთი არ დაუშვებს, უკრაინას ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
"სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, კიევის ჩათვლით, მიმართულია უკრაინის განიარაღებისკენ. რუსეთი არ დაუშვებს უკრაინამ ბირთვული იარაღი იშოვოს". - თქვა ლავროვმა.
ამის შესახებ ლავროვმა ისაუბრა Al Jazeera-სთან ინტერვიუში, რომელიც ჯერ სრულად არ გამოქვეყნებულა.
გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





