რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საელჩოს ცნობით, საქართველოდან 80 ტონა დახმარება გაიგზავნა, მთავრობის თქმით – 100

საქართველოს მთავრობა / Facebook

უკრაინის საელჩოს ცნობით, საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების სახით 80 ტონა ტვირთი გაიგზავნა, თუმცა დახმარების გაგზავნისას საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 100 ტონა ტვირთს გზავნიდნენ.

"საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე, საქართველოსთან უკრაინის თანამშრომლობის სხვა მიმართულება ჰუმანიტარული დახმარებაა. როგორც თქვენთვის ცნობილია, ახლახან გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი 80 ტონის მოცულობით. ეს ჰუმანიტარული ტვირთი შედგებოდა სამედიცინო პრეპარატებისგან, ასევე, წამლებისგან, რომლებიც ძალიან სჭირდებათ შეიარაღებულ ძალებს, მშვიდობიან მოსახლეობას, ტერიტორიულ თავდაცვასა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ცოტა ხანში ჩვენ ველოდებით მეორე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას, რომელიც ფორმირდება არაგულგრილი პირები, საქმიანი წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ". – თქვა საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს მთავრობამ რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი 28 თებერვალს გაგზავნა. მათი ცნობით, ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს. გარდა ამისა, გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები