ქართული ოცნება

ორი დღეა, ოცნება ეჭვობს, რომ მათ შესახებ გადაწყვეტილებებს ზელენსკის ნაცვლად ვიღაც იღებს

საქართველოს ხელისუფლება ორი დღეა ვარაუდობს, რომ მათ შესახებ გადაწყვეტილებებს უკრაინელი მაღალჩინოსნების ნაცვლად "ვიღაცა" იღებს. 1 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, მიზეზად სანქციებზე ქართული მხარის ამორალური პოზიცია და მოხალისეებისთვის გამგზავრებაში ხელის შეშლა დაასახელა. ქართული ოცნების დეპუტატის გია ვოლსკის შეფასებით, ამ ვითარებაში ელჩის გაწვევა დამატებით კითხვებს აჩენს.

"ზელენსკის მიერ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუ ამ უმძიმესი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ და პროვოკაცია მოახდინა ჩვენი და უკრაინის დაპირისპირების ელემენტის შემოტანით. დარწმუნებული ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კითხვებს ამ კონსულტაციების დროს გაეცემა ამომწურავი და ობიექტური პასუხი. ". - ამბობს ვოლსკი.

მსგავსი განცხადება გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. დავით ზალკალიანმა ეჭვი უკრაინის პრემიერმინისტრის განცხადებაში შეიტანა. უკრაინის უცხოურ ლეგიონში გაწევრიანების მსურველი ქართველი მოხალისეებისთვის ჩარტერული რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას დენის შმიგალი ტვიტერზე გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გამოიჩენდა გამბედაობას და ფრენის ნებართვას მისცემდა თვითმფრინავს.

 "თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!", - ამატებდა შმიგალი.

უკრაინის პრემიერმინისტრის ამ განცხადებაზე დავით ზალკალიანმა თქვა, რომ "ეჭვი მაქვს, ამ ტვიტის შექმნაში თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგან ის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, მიჩენს ეჭვებს და მაქვს მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება, მოდიოდეს ეს. თუმცა, ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ყველა ამ ემოციურ ფონზე შეიძლება, გაკეთებულიყო ასეთი პოსტი".

კომენტარები