საქართველო-უკრაინა

უკრაინის პრემიერი: ქართველო ხალხო, დაეხმარე შენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში

AFP

"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარე შენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში" - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა Twitter-ზე, ქართულ ენაზე დაწერა.

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება" - წერს შმიგალი.

იქამდე, ქართველმა მოხალისეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინაში ინტერნაციონალურ ლეგიონში გაწევრიანების მსურველი ქართველი მოხალისეების ჩარტერული რეისი საქართველოს მთავრობამ გააუქმა. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის აეროპორტში იმყოფებოდნენ. მოხალისეების ინფორმაციით, ჩარტერული რეისი პოლონეთში უნდა გაფრენილიყო. ტაბულა  ინფორმაციის დაზუსტებას საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ცდილობს.

მთავრობის 28 თებერვლის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხოლოდ "ეროვნული ინტერესებით" იხელმძღვანელებს და რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს. მისივე თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არაეფექტიანია და კიევის დაბომბვის შემჩერებელი არავინ არის. 

ამის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანატოლი გრიცენკომ დაწერა, რომ "ისეთი საქართველო, როგორსაც ახლა ვხედავთ, ასეთი ხელისუფლებით და ხალხით, რომელიც ასეთ მთავრობას ირჩევს და ითმენს – ვეღარ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი".

მეოთხე დღეა, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება. პროტესტს თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართველი ხალხი უკეთესია, ვიდრე საქართველოს მთავრობა. 

კომენტარები