რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოკერია: განგრძობადი პროტესტისთვის მზად უნდა ვიყოთ რეჟიმის მშვიდობიანად წასვლამდე

ევროპული საქართველო, 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გუშინდელი ნაბიჯით ქართულმა ოცნებამ პირდაპირ მხარი დაუჭირა პუტინის რუსეთს და ქართული საზოგადოების ერთადერთი გზა მშვიდობიანი და განგრძობითი პროტესტია.

ბოკერიას შეფასებით, საფრთხე არსებობს, რომ დავკარგოთ ისტორიული შანსი ჭაობიდან გაღწევის და ასევე, რუსეთის შედმგომი აგრესიისას ნაკლებად დაცულები ვიყოთ "იმის გამო, რა პოზიციასაც დღეს იკავებს ჩვენი სამარცხვინო მთავრობა".

"ქართულმა ოცნებამ გადადგა ნაბიჯი, რომლითაც ოფიციალურად აღმოვჩნდით პუტინის ბანაკში. ის, რომ დღეს ამას რეაქცია მისცა ბოროტების იმპერიის დაბომბვის ქვეშ მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ - უბრალოდ მისი რეაქციაა, ეს რეაქცია კი არ არის განმაპირობებელი, ჩვენ სად ვართ, გუშინდელი ნაბიჯი არის ჩვენი მთავრობისა, როდესაც მან პირდაპირ აქტიურად მხარი დაუჭირა პუტინის რუსეთს, როდესაც ხელი შეუშალა ჩვენს მოქალაქეებს თავისი ნებით წასულიყვნენ უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების დასაცავად", - თქვა მან.

ბოკერიას ამბობს, რომ საზოგადოების ერთადერთი გზა განგრძობითი პროტესტია, სანამ ის ისეთ მასშტაბებს არ მიიღებს, რომ ქართული ოცნება მშვიდობიანად შეიცვალოს და მთავრობაში ახალი - ეროვნული ინტერესების დამცველი მთავრობა მოვიდეს.

ევროპულმა საქართველომ დღეს, 1 მარტს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია დაანონსა, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს სწორედ განგრძობითი პროტესტის ნაწილი იქნება და "არა - ერთდღიანი აქცია".

"ამ ვითარებაში ერთადერთი გზა, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს, არის ისედაც, ევროპული საქართველოს აზრით და სხვების აზრითაც - არალეგიტიმური ივანიშვილის რეჟიმის სრული გაშიშვლება და სრული დელეგიტიმაცია ყველას თვალში. ამას სჭირდება მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება, გაფართოება, მასიურობა და ნებისყოფა. დაუშვებელია სასოწარკვეთაში ჩავარდნა, როდესაც ამოცანა არ არის მიღწეული ისე სწრაფად, როგორც ჩვენ ეს გვსურდა. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მრავალმხრივი და განგრძობადი პროტესტისთვის, მანამ, სანამ ეს პროტესტი არ გახდება იმ ზვირთის მასშტაბის, რომელსაც ვერ გაუძლებს ეს სამარცხვინო რეჟიმი და მოუწევს მშვიდობიანად წასვლა და მერე არჩევნებით მოსვლა ნორმალური, ეროვნული ინტერესების დამცველი მთავრობის. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და დღეს, ჩვენი მოწოდება რუსთაველზე გასვლის არის ამის ნაწილი და არა - ერთდღიანი აქცია", - თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა".

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ ხელისუფლება უთანაგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა.

კომენტარები