რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა პოლიტემიგრანტებმა ომის საწინააღმდეგო კომიტეტი შექმნეს

Meduza

რუსმა პოლიტემიგრანტებმა, მათ შორის მიხაილ ხოდორკოვსკიმ, სერგეი გურიევმა და დმიტრი გუდკოვმა ომის საწინააღმდეგო კომიტეტი შექმნეს. განცხადება ხოდორკოვსკიმ თავის ტელეგრამ-არხში გამოაქვეყნა, მას ხელს აწერენ: ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი, ჭადრაკში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გარი კასპაროვი, ეკონომისტები სერგეი ალექსაშენკო და სერგეი გურიევი, ისტორიკოსები იური პივოვაროვი და ვლადიმირ კარა-მურზა, მეწარმეები ევგენი ჩიჩვარკინი და ბორის ზიმინი, რუსეთში უცხოეთის აგენტად გამოცხადებული მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, ჟურნალისტი ევგენი კისილიევი.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მთავრობამ, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. მთელი მსოფლიოს თვალში ეს სამხედრო დანაშაული მთელი ქვეყნის, რუსეთის სახელითაა ჩადენილი.

როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ჩვენ, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, სამხედრო შეჭრასა და ადამიანების მასობრივ სიკვდილზე აღმოვჩნდით პასუხისმგებელი. ჩადენილი დანაშაულის საშინელება არ ტოვებს ადგილს დუმილისა და პასიურ წინააღმდეგობისთვის.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსოფლიოს ნაციზმისგან განთავისუფლების იდეალებზე გაიზარდნენ, დაპყრობითი ომი ყველაზე საშინელი და სამარცხვინო მოვლენაა. ასეთი ომისთვის წინააღმდეგობის არ გაწევა თანამონაწილეობაა. წინააღმდეგობა კი ერთადერთი ღირსეული გზაა.

რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი ეფუძნება მარტივ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს. აშკარა განსხვავებაა რუსებს - პუტინის ავანტიურის უნებლიე მონაწილეებს - და მათ შორის, ვინც შეგნებულად ეხმარება პუტინის რეჟიმს ძმათამკვლელ აგრესიაში.

ჩვენ მორალურად ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვერ შევძელით ომის თავიდან აცილება, რომ დავუშვით რუსეთის ჯარების მოღალატური თავდასხმა მეზობელ ქვეყანაზე. მაგრამ შეჭრის უშუალო მონაწილეებს, გენერლებს, რომლებმაც შეიმუშავეს გეგმა, და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობას, უნდა ეწოდოთ ომის დამნაშავეები. თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ყველა ერთად უნდა დაისაჯოს თავისი საქციელისთვის. არ არსებობს ხანდაზმულობის ვადა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის და მათ დამსახურებული პასუხი უნდა მიეზღოთ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანსაც არ უნდა მოუწიოთ მსოფლიოს და მათ მსხვერპლებს ლოდინი.

ომის საწინააღმდეგო კომიტეტი მიმართავს მსოფლიოს მთავრობებს საერთაშორისო სამართლის დამრღვევებთან მიმართებით პრინციპული პოზიციის დაკავების მოთხოვნით.

ომის საწინააღმდეგო კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ყველა ნამდვილ პატრიოტს, გაერთიანდნენ ვლადიმერ პუტინის აგრესიული დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში, განურჩევლად პოლიტიკური განსხვავებებისა, იდეოლოგიური განსხვავებებისა და პირადი სიმპათიებისა და თუ ანტიპათიებისა. - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. უფლებადამცველი ორგანიზაციის OVD-Info-ს მონაცემებით მთელი ქვეყნის მასშტაბით არანაკლებ 5 814 ადამიანი დააკავეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები