სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვივიან ბალაკრიშნანის თქმით, რუსეთს სანქციებსა და შეზღუდვებს სინგაპურიც დაუწესებს. მათ შორის საბანკო და საფინანსო შეზღუდვებს და კონტროლს იმ პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა ომში უკრაინის საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული.
"სინგაპური აპირებს იმოქმედოს თანამოაზრე სახელმწიფოებთან ერთად და დაუწესოს სანქციები და შეზღუდვები რუსეთს". - თქვა სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პატარა ქალაქსახელმწიფო, აზიის ფინანსური ცენტრი და საკვანძო საერთაშორისო გადაზიდვის ჰაბი ტრადიციულად უერთდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, თუმცა იშვიათად აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს ქვეყნების წინააღმდეგ.
უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამის პარალელურად, მსოფლიო ბანკთაშორისი სისტემიდან, SWIFT-იდან გაირიცხება რამდენიმე რუსული ბანკი.
ამასთანავე, 27 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა - სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.