რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არმიის მეთაური: ზელენსკიმ დამპყრობლებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების ბრძანება გასცა

ვალერი ზალუჟნი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალერი ზალუჟნის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხო ცეცხლის და დამპყრობლებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების ბრძანება გასცა.
 
"ეროვნული თავდაცვის ძალებმა გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად იყენებენ თავდაცვის უფლებას და ღირსეულად ეწინააღმდეგებიან მტრის მიერ სახელმწიფო საზღვრის გარღვევის მცდელობებს. სიტუაცია კონტროლქვეშაა. რუსული სამხედრო ნაწილები დანაკარგებს განიცდიან.
 
გაერთიანებული ძალების მოქმედების ზონაში ჩამოგდებულია რუსეთის საჰაერო ძალების 5 თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი, დაზიანებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 2 ტანკი, განადგურებულია რამდენიმე სატვირთო მანქანა.
 
მთავარსარდალმა დამპყრობლებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების ბრძანება გასცა. უკრაინის დამცველებს შორის დანაკარგები არ არის" - ნათქვამია ზალუჟნის განცხადებაში.
 
ზალუჟნის ცნობით, რუსეთმა უკრაინის სამხედრო ძალებს ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი დილის 5 საათიდან გაუხსნა, დაბომბა აეროდრომები ბორისპოლში, ოზერნეში, კულბაკინოში, ჩუგუივში, ჩორნობაივკაში. ასევე დაიბომბა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები