დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარება

ტრამპი: პუტინის მიერ უკრაინის დიდი ნაწილის დამოუკიდებლად გამოცხადება გენიალური სვლა იყო

დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, პუტინის მიერ უკრაინის დიდი ნაწილის დამოუკიდებლად გამოცხადება გენიალური სვლა იყო. ამის შესახებ ტრამპმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა.

"გუშინ სახლში შევედი, ჩავრთე ტელევიზორი და ჩემს თავს ვუთხარი – ეს გენიალურია! პუტინმა უკრაინის დიდი ნაწილი დამოუკიდებლად გამოაცხადა, ეს შესანიშნავია. ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია, შევა და მშვიდობისმყოფელი იქნება. ამ გზის გამოყენება სამხრეთ საზღვარზე ჩვენც შეგვიძლია". - თქვა ტრამპმა.

გარდა ამისა, კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ჯო ბაიდენის ქმედებებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენს თეთრ სახლში არაფერი ესაქმება და მის დროს პუტინი ასეთ ესკალაციას ვერ გაბედავდა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და პუტინი ერთმანეთს "მშვენივრად" უგებდნენ. მისი თქმით, პუტინს კერკეტი კაკალია, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს.

"ის კერკეტი კაკალია, მას აქვს ქარიზმა და სიამაყე. მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა". - თქვა ტრამპმა.

გუშინ, დონალდ ტრამპმა საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პუტინი მისი ადმინისტრაციის პირობებში ის არასდროს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს.


21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი ხანგრძლივი სიტყვის ბოლოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, აქტი, რომელმაც მთელ მსოფლიოს 2008 წლის აგვისტოს ომი და მოგვიანებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება გაახსენა.

ამ განცხადებიდან მალევე პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები