დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან შეხვედრა გააუქმა

AP Photo / Alex Brandon

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, რომელიც 24 თებერვალს იყო დაგეგმილი.

ბლინკენის თქმით, ლავროვთან შეხვედრას მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.

"როდესაც ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება და რუსეთმა ცხადად აჩვენა, რომ უარს ამბობს დიპლომატიაზე, ამ შეხვედრას აზრი არ აქვს". – თქვა ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები