დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

"აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას" – ჯო ბაიდენი დმიტრო კულებას შეხვდა

The White House

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვაშინგტონში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა და დაუდასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბაიდენმა კულებას გააცნო შეერთებული შტატების პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ, ასევე წუხელ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანება და დღეს გამოცხადებული ახალი სანქციები.

მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოებისა და მაკროეკონომიკურ მხარდაჭერას. პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ ხაზი გაუსვა აშშ-ს მზადყოფნას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას სწრაფად და გადაჭრით უპასუხებენ". – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები