დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს დონეცკსა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ნებართვა მისცა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოთხოვნას, საზღვარგარეთ შეირაღებული ძალების გამოყენების ნებართვის მიცემის შესახებ. შესაბამის დადგენილებას დღეს მხარი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ ერთხმად დაუჭირა.

ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს თქმით, პრეზიდენტის წინადადების მიზანია დაამაყაროს მშვიდობა და შეწყვიტოს სამოქალაქო ომი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ტერიტორიაზე.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები