ჩემპიონთა ლიგის ფინალი

ბორის ჯონსონი ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანქტ-პეტერბურგიდან გადატანას ითხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალის მასპინძლის სტატუსი უნდა ჩამოერთვას. ამის შესახებ ჯონსონმა თემთა პალატაში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების განხილვის დროს ისაუბრა.

"რუსეთი, რომელიც დღეს კიდევ უფრო იზოლირებულია, რუსეთი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებიდან მოკვეთილის სტატუსი აქვს – არ არსებობს შანსი, რომ რუსეთმა, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე იჭრება, საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლოს". - თქვა ჯონსონმა.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგში 28 მაისს გაიმართება. UEFA-ს ამ ეტაპზე გაზპრომ არენის ჩანაცვლების გეგმა არ აქვს, თუმცა ორგანიზაცია უკრაინა-რუსეთის კრიზისზე დაკვირვებას განაგრძობს.

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გამო დიდმა ბრიტანეთმა ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხება ბორის როტენბერგს, იგორ როტენბერგს, გენადი ტიმჩენკოს. მათი ანგარიშები დიდ ბრიტანეთში გაიყინება და ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.

ეკონომიკური სანქციები დაუწესდება შემდეგ ბანკებს: შავი ზღვის განვითარების და ვაჭრობის ბანკი (BSTDB), გენბანკი, ბანკი როსიაპრომსვიაზბანკიიშბანკი.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები