დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დონეცკმა და ლუგანსკმა რუსეთთან მეგობრობა-ურთიერთდახმარების ხელშეკრულებები დაამტკიცეს

რუსული მედიის ცნობით, ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დე-ფაქტო ეროვნულმა საბჭოებმა რუსეთთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებების რატიფიცირებაზე კანონი მიიღეს. 

დონეცკში პარლამენტის საგანგებო პლენარულ სხდომაზე 87-ვე დამსწრე დეპუტატმა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას მხარი დაუჭირა. რატიფიკაციას ერთხმად დაუჭირა მხარი ლუგანსკის სახალხო საბჭოს 47-მა დამსწრე დეპუტატმაც.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს სანქციები დაუწესა.  

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები