დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბაიდენმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სანქციების დაწესების განკარგულებას ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენი
The White House

ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს სანქციები დაუწესა.  

ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს აშშ-ს მიერ ახალ ინვესტიციებსა და სხვა ფინანსურ საქმიანობას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. ამასთანავე, იკრძალება ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან, პირიქით - ამერიკიდან სეპარატისტულ რეგიონებში ექსპორტს.

"უკეთ რომ განვმარტო, ეს ზომები განცალკევებულია და დაემატება იმ სწრაფ და მძიმე ეკონომიკურ ზომებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში". - განმარტა თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ. 

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება არღვევს უკრაინის სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

"ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონების აღიარება ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას და საფრთხეს უქმნის უკრაინის მშვიდობას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. და, შესაბამისად, წარმოადგენს უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის".- ვკითხულობთ აღმასრულებელ ბრძანებაში. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები