დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ენმ დონეცკსა და ლუგანსკზე: ვგმობთ აღიარებას, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელებს

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.  

"აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოებრიობის რღვევისა, არამედ, საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისკენ. აღნიშნული ქმედება არის პუტინის მილიტარისტული ექსპანსიონიზმის გაგრძელება, რისი ნაწილიც არის 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ  განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის ანექსია, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ენმ-ს განცხადებით, უკრაინა და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და თავად ირჩევენ, რომელ საერთაშორისო ალიანსებში გაერთიანდებიან. პარტია იმედს გამოთქვამს, რომ პუტინის არაკანონიერ და აგრესიულ ქმედებებს დასავლური სახელმწიფოების გადამწყვეტი და მყისიერი რეაგირება მოჰყვება. 

"თავისუფალი სამყაროს კოორდინირებულ პასუხი - რუსეთის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი, ყოვლისმომცველი სანქციები  და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება გამოიწვევს აღიარების საფრთხეების მინიმიზაციას, შეაკავებს რუსეთის სამხედრო აგრესიას და შექმნის წინაპირობას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის". - წერია განცხადებაში.  

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები