დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბერბოკი პუტინს: ნუ ითამაშებთ ადამიანების სიცოცხლით უკრაინაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი
Reuters

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, პუტინმა უკრაინაში ადამიანთა სიცოცხლით არ უნდა ითამაშოს. 

"მივმართავ რუსეთის ხელისუფლებას, რუსეთის პრეზიდენტს: ნუ ითამაშებთ ადამიანთა სიცოცხლით უკრაინაში!" - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი პუტინთან სატელეფონო საუბარს დღეს გეგმავს, რათა მხარეებმა შეძლონ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დიპლომატიური გადაჭრის პოვნა. 

ბერბოკმა ასევე ისაუბრა უკანასკნელ 72 საათში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შეტევები და ძალადობრივი კონფლიქტი საგანგაშოა.

"დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ ველით მაგიდასთან თითოეული საათი და თითოეული წუთი. თქვენ გელით, რათა ერთობლივად უზრუნველყოთ უკრაინის მშვიდობა და უსაფრთხოება". - თქვა ბერბოკმა. 

ამასთანავე, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეინის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთი, შესაძლოა, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს გამოეთიშოს.

20 თებერვალს, უკრაინული მხარის ცნობით, დონბასელი სეპარატისტები, პროვოკაციების მოწყობის მიზნით, საარტილერიო ცეცხლით თავადვე ბომბავდნენ საკუთარ კონტროლირებულ ლუგანსკს. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები