დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ფონ დერ ლეიენი: უკრაინაში თუ შეიჭრება, რუსეთი, შესაძლოა, ფინანსურ ბაზრებს გამოეთიშოს

ურსულა ფონ დერ ლეიენი
Reuters

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეინის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთი, შესაძლოა, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს გამოეთიშოს. საკითხზე ლეიენმა გერმანულ არხთან ARD-ისთან ისაუბრა.

"რუსეთი, შესაძლოა, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს გამოეთიშოს." - თქვა ფონ დერ ლეიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შემთხვევაში სანქციები შეეხება ევროკავშირის მიერ წარმოებულ ყველა პროდუქტს, რომელიც რუსეთს თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციისთვის სჭირდება.

"ცხადია, რომ თუ პუტინი ომს დაიწყებს, ჩვენ ვუპასუხებთ ყველაზე ძლიერი იარაღით, რომელიც გვაქვს, ეკონომიკური და ფინანსური სანქციებით და [დავარტყამთ] რუსეთის ყველაზე სუსტ წერტილში." - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, რუსეთის აშკარა სისუსტე ნავთობსა და გაზზე დამოკიდებული ეკონომიკაა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ პუტინი კონფლიქტს აირჩევს, ევროკავშირი პასუხს მასიური შედეგი მოჰყვება.

20 თებერვალს, უკრაინული მხარის ცნობით, დონბასელი სეპარატისტები, პროვოკაციების მოწყობის მიზნით, საარტილერიო ცეცხლით თავადვე ბომბავდნენ საკუთარ კონტროლირებულ ლუგანსკს. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები