დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ: რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასახოცი და დასაკავებელი პირების სია აქვს

რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა ყირიმში, 2022 წლის 18 იანვარი.
AP

ამერიკულმა გამოცემამ, New York Times-მა გამოაქვეყნა აშშ-ს მიერ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიის ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს შედგენილი უკრაინის მოქალაქეთა სია. წერილის მიხედვით, ამ სიაში არიან შეტანილი ის პირები, რომელთა მოკვლას ან დაკავებას რუსეთი უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის შემდეგ აპირებს. 

წერილის მიხედვით, რუსეთი გეგმავს ადამიანის უფლებათა ფართომასშტაბიან დარღვევებს და აპირებენ კონკრეტული სამიზნე პირების გატაცებას, მკვლელობასა და წამებას. 

"ჩვენ ასევე გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ რუსული ძალები სავარაუდოდ გამოიყენებენ მომაკვდინებელ მეთოდებს მშვიდობიანი პროტესტების დასაშლელად", – ნათქვამია წერილში. 

წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის სამიზნეები შესაძლოა გახდნენ ის პირები, რომლებიც შეეწინააღმდეგებიან მათ ქმედებებს, ასევე უკრაინელი ჟურნალისტები, ანტიკორუფციული აქტივისტები, უკრაინაში მცხოვრები ბელარუსი დისიდენტები, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები. 

აქამდე, 18 თებერვალს გამოცემა Foreign Policy საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს ოფიციალურ პირთა ცნობით, არსებობდა რუსეთის მიერ შედეგნილი მსგავსი სიები.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები