საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო ძალადობის ვიდეოზე: არცერთი პირი არაა ბერად აღკვეცილი, მორჩილები არიან

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს ერთი სასულიერო პირის მიერ მეორეზე ძალადობა, მიუღებელს უწოდებს. საპატრიარქოს მტკიცებით,  არცერთი პირი ბერად აღკვეცილი არაა, ისინი მორჩილები არიან.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, – "მით უმეტეს, რომ ვიდეოში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი".

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, დეტალების დაზუსტების მიზნით, ამჟამად აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს შესაბამის ეპარქიასთან, – "რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლადმიუღებელი ფაქტის შესახებ.

ამასთან, კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს". – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 20 თებერვალს Facebook-ზე ვიდეო გავრცელდა, სადაც დაუფარავად ჩანს ერთი სასულიერო პირის მიერ მეორეზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

კომენტარები