დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სტოლტენბერგი: რუსეთი აგრძელებს სამხედრო წვრთნებს, რაც მიანიშნებს, უკრაინაში შეჭრას გეგმავს

იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ სამხედროების რაოდენობის ზრდა და ბელარუს-რუსეთის სამხედრო წვრთნების გაგრძლება ჯდება სურათში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. 

"გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ ისინი უკან იხევდნენ. სინამდვილეში კი ისინი განალაგებენ კიდევ უფრო მეტ სამხედროს კიდევ უფრო ახლოს უკრაინის საზღვართან.  აგრძელებენ წვრთნებს, რომელიც დღეს უნდა დასრულებულიყო,  - ყველაფერი ეს ჯდება სურათში, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება". - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.  

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, 20 თებერვალს პრორუსმა სეპარატისტებმა 80-ჯერ ისროლეს უკრაინული პოზიციების მიმართულებით.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები