დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინა: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 80-ჯერ გახსნეს ცეცხლი, დაიჭრა 1 უკრაინელი სამხედრო

ФОТО: ШТАБ ООС

 

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, 20 თებერვალს პრორუსმა სეპარატისტებმა 80-ჯერ ისროლეს უკრაინული პოზიციების მიმართულებით.

"გასული 24 საათის განმავლობაში, 20 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან დაფიქსირდა 80 დარღვევა, მათგან 72 შემთხვევაში გამოყენებული იყო მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება" - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

20 თებერვალს, უკრაინული მხარის ცნობით, დონბასელი სეპარატისტები, პროვოკაციების მოწყობის მიზნით, საარტილერიო ცეცხლით თავადვე ბომბავდნენ საკუთარ კონტროლირებულ ლუგანსკს. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები