დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

თეთრი სახლი: რუსეთი უკრაინაში თუ არ შეიჭრება, ბაიდენი პუტინთან შეხვედრისთვის მზადაა

ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი. ჟენევა, 16 ივნისი 2020.
Mikhail Metzel/Tass/Getty Images

 

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას იმ შემთხვევაში დათანხმდა, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, ამერიკული მხარე მზადაა დიპლომატიისთვის იმ მომენტამდე, სანამ უკრაინაზე თავდასხმა დაიწყება. 24 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა ასევე იმ პირობით გაიმართება, რომ ამ დროისთვის რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.

"როგორც პრეზიდენტმა რამდენჯერმე განმარტა, ჩვენ ვართ დიპლომატიის ერთგული იმ მომენტამდე, სანამ თავდასხმა დაიწყება. ამ კვირას ევროპაში სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის შეხვედრაა დაგეგმილი, იმ პირობით, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედების გზას არ აირჩევს. პრეზიდენტი ბაიდენი თეორიულად დათანხმდა შეხვედრას ამ შეხვედრის შემდეგ, ასევე იმ პირობით, რომ უკრაინაში შეჭრა არ მოხდება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიპლომატიისთვის. ასევე მზად ვართ სწრაფი და ხისტი შედეგებისთვის, თუ რუსეთი ომის გზას დაადგება. ამჟამად, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს უახლოეს მომავალში უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის მზადებას" - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ბაიდენი პუტინთან შესაძლო შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დათანხმდა. იმავე დღეს მაკრონი ვლადიმირ პუტინსაც ესაუბრა. ელისეის სასახლის ინფორმაციით, შეხვედრას ორივე ლიდერი დათანხმდა. პრეზიდენტების შეხვედრის დეტალები ბლინკენის და ლავროვის შეხვედრაზე იქნება განხილული. სამიტზე მოლაპარაკებებისთვის მომზადებაში მაკრონიც იქნება ჩართული.

20 თებერვალს, უკრაინული მხარის ცნობით, დონბასელი სეპარატისტები, პროვოკაციების მოწყობის მიზნით, საარტილერიო ცეცხლით თავადვე ბომბავდნენ საკუთარ კონტროლირებულ ლუგანსკს. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები