დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ-ს საელჩო რუსეთში მოქალაქეებს: თავშეყრის ადგილებში თავდასხმის საფრთხე არსებობს

აშშ-ს საელჩო მოსკოვში

აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარი მოქალაქეებისთვის ავრცელებს უსაფრთხოების გაფრთხილებას, რომ მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და რუსეთ-უკრაინის საზღვართან მყოფი დასახლებების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავდასხმების საფრთხე არსებობს.

"მედია წყაროების მიხედვით, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და უკრაინის მოსაზღვრე არეებში, სადაც არის გაზრდილი დაძაბულობა, არსებობს თავდასხმების საფრთხე სავაჭრო ცენტრების, რკინიგზისა და მეტროს სადგურების, ასევე ურბანულ მონაკვეთებში საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილების წინააღმდეგ", – წერია განცხადებაში.

საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს: ადგილობრივი მედიისთვის თვალის დევნებას, ხალხმრავლობისთვის თავის არიდებას, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის შეტყობიენებას, რომ უსაფრთხო არიან, გარემოსთვის ყურადღების მიქცევას, ყურადღებით ყოფნას იმ ადგილებში, სადაც არიან ბევრი ტურისტები/დასავლელები, პირადი უსაფრთხოების გეგმების გადახედვას, საიდენტიფიკაციო საბუთების ტარებასა და ევაკუაციის ისეთი გეგმის ქონას, რომელშიც აშშ-ს მთავრობა არაა ჩართული.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში ამერიკული მხარე საუბრობდა და გაფრთხილებებს აკეთებდა რუსეთის მხარის მიერ ცრუ დროშის ქვეშ სპეცოპერაციების ჩატარებაზე, შედეგად უკრაინის შეჭრისთვის საბაბის შექმნაზე.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 20 თებერვალს, უკრაინული მხარის ცნობით, დონბასელი სეპარატისტები, პროვოკაციების მოწყობის მიზნით, საარტილერიო ცეცხლით თავადვე ბომბავდნენ საკუთარ კონტროლირებულ ლუგანსკს. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები