კულტურის სამინისტრო

"ვიდეოში ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით" – კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა, უცნობია რას გულისხმობს სამინისტრო დაცვის ამ მექანიზმებში.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გუშინ, 18 თებერვალს, სოციალური ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც სვანური ცეკვა "აბსოლუტურად მიუღებელი ფორმითაა ხელყოფილი", მოწმობს, რომ დაცვის არსებული მექანიზმები საკმარისი არაა.

წულუკიანის უწყებაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიზანია, სათანადო დონეზე იყოს დაცული არა მხოლოდ ცეკვებისა და სიმღერების გარკვეული ნაწილი, არამედ ყველა ცეკვა და სიმღერა იმ სტატუსით, რაც კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობისათვის არის შესაბამისი.

"ამასთან, იმისათვის, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში იყოს ნომინირებული, ჯერ უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე მისთვის შესაბამისი დამცავი სტატუსის განსაზღვრა. კერძოდ, უნდა მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შემდეგ უნდა განესაზღვროს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში ძეგლის ნომინირება". – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ 16 თებერვალს სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, – "რომლის წინაშეც დაისმება მოცემული საკითხი და სამინისტროს სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად დაიწყება მუშაობა მოცემული მიზნის მისაღწევად".

კულტურის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "სახელმწიფოს ძალისხმევით" მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ესენია: ფერხული, ხორუმი, ცეკვა ქართული და აჭარული. ასევე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული ქალაქურ მრავალჟამიერს და ქართულ გალობას.

კომენტარები