მიხეილ სააკაშვილი

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.  

"ფაქტზე იქ იყო აღძრული საქმე სააკაშვილის წინააღმგედ ძალის გადაჭარბების და შესაძლო წამების შესახებ. დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დაზარალებულად, ანუ, არსებობს ფაქტი, ცნობილია დაზარალებული. ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც გადასადგმელი დარჩა, არის ბრალდებულების გამოვლენა და, სავარაუდოდ, ეს იქნებიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები და, შესაძლოა, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები.  

უკრაინის, ისევე, როგორც საქართველოს კანონმდებლობა ერთნაირია, აბსოლუტურად იდენტური რეგულაციისაა ამ შემთხვევაში, იმ ქმედებებში, სადაც იკვეთება წამება, არაჰუმანური მოპყრობა და მათ მოქალაქეს ეხება ეს ყველაფერი, შეუძლიათ, აღძრან ექსტრატერიტორიულობის პრინციპით საქმე საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის, თანამდებობის პირების წინააღმდეგ". - ამბობს ნიკა გვარამია მთავარი არხის ეთერში.  

ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. სააკაშვილის გადაყვანის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა თავად გაავრცელა. 

 სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 2021 წლის 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ. თუმცა, 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების, მათ შორის, ვიდეოკადრების გავრცელების გამო დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა გაუუქმა. სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაშიც, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებით დაკისრებული პასუხისმგებლობა ასევე გაუუქმდა

კომენტარები