დიდი ბრიტანეთი

მეიჯორი ჯონსონზე: პარლამენტის განზრახ მოტყუება პოლიტიკური კარიერისთვის ფატალური უნდა იყოს

 

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ჯონ მეიჯორმა პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გააკრიტიკა. მეიჯორის თქმით, ნათელია, რომ ჯონსონმა კოვიდრეგულაციები დაარღვია და აღნიშნა, რომ პარლამენტის განზრახ მოტყუება იყო და ყოველთვის უნდა იყოს ფატალური პოლიტიკური კარიერისთვის.

"მთავრობის ოფისში პრემიერმინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა ლოკდაუნი დაარღვიეს. მოფიქრებული იყო უსირცხვილო გამართლებები. დღიდან დღემდე საზოგადოებას სთხოვდნენ დაეჯერებინა დაუჯერებელი. მინისტრები იგზავნებოდნენ გაუმართლებელი საქციელის გამართლებისთვის - გამოჩნდნენ მიამიტებად და სულელებად.

ვერც ერთი მთავრობა ვერ იმუშავებს სათანადოდ, თუ მისი ყოველი სიტყვა ეჭვს ბადებს. ჩვენი დემოკრატიის არჩეული ნაწილის უნდობლობის უგულებელყოფა არ შეიძლება. პარლამენტი ვალდებულია გამოასწოროს ეს. თუ ასე არ მოიქცევა და შინ ნდობას დავკარგავთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება შეირყევა." – თქვა მეიჯორმა.

ჯონ მეიჯორს ბორის ჯონსონი წარსულშიც გაუკრიტიკებია. კვლევით ცენტრში ინსტიტუტი მთავრობისთვის სიტყვით გამოსვლისას ყოფილმა პრემიერმინისტრმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ახლანდელი მთავრობის წევრები ისე იქცევიან, თითქოს საჯარო ცხოვრების წესები, ტრადიციები და ნორმები მათ არ ეხებათ.

ყოფილი პრემიერმინისტრის კრიტიკული შეფასება დაკავშირებულია ლოკდაუნის დროს მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების ჩატარების ბრალდებებთან. შემთხვევების მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს.

ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა. პრემიერმინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა გააგრძელა. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო.

ოპოზიციის ლიდერმა, კირ სტრამერმა პრემიერმინისტრის გააკრიტიკა და მის გამართლებას სასაცილო და შეურაცხმყოფელი უწოდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა.

მთავრობის რეზიდენციაში წვეულებები მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული, აკრძალული იყო ხალხმრავალი შეკრებები. ნებადართული იყო მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა ღია სივრცეში. სამუშაო შეხვედრები მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო

კომენტარები