ენერგეტიკა

"ოცნება ზედმეტ გადასახადებს გვახდევინებს" – ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია იმართება

კადრი ვიდეოდან/ტელეკომპანია პირველი

სამოქალაქო აქტივისტები და ენმ-ს წარმომადგენლები ეკონომიკის სამინისტროსთან აქციას მართავენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი გადასახადები გაორმაგდა და ამაში ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ. 

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გაუქმდეს გადასახადები და თანხა უკან დაუბრუნდეთ, ასევე, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა. 

"სანამ ღარიბაშვილი ცოლს უმტკიცებდა ტყეს, სანამ ახალ წელს მხოლოდ ამით იყო დაკავებული, ნარმანია ტარიფების გაზრდას აწერდა ხელს, მის მეუღლეს კი საბადურის ტყეში ათობით ჰექტარს უფორმებდა სახელმწიფო. სანამ ეს ხალხი მდიდრდებოდა, ჩვენს მოქალაქეებს გაორმაგებული გადასახადები მიუვიდათ და სანამ არ ვიბრძოლეთ, მანამდე სემეკმა ნება არ იბოძა და გამოძიებაც არ დაიწყო". - ამბობს ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია პირველთან. 

ხაბეიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, სემეკში გაასაჩივრონ ქვითარი, თუ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადი გაორმაგდა.  

"თუ სემეკში ვერ მიხვალთ, მობრძანდით ენმ-ს ოფისში, ჩვენი გუნდი უზრუნველვყოფთ თქვენს ადვოკატირებას, მთავარია, მოიტანოთ ქვითარი, იმისთვის, რომ, მათ შორის, სამართლებრივად ვიბრძოლოთ". - ამბობს ის.  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, სპეციალური ჯგუფი ადგილზე შეისწავლის მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კი, თელასი და თელმიკო დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ. მარეგულირებლის გადაწყვეტილება დეკემბერ-იანვარში ელექტროენერგიის გადასახადის გადაჭარბებით დარიცხვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრებს უკავშირდება. კომისია თელასისა და თელმიკოს შემოწმებას 3 მარტს დაასრულებს. 

კომენტარები