ენერგეტიკა

სემეკ: დარღვევის შემთხვევაში, თელმიკო და თელასი დაჯარიმდებიან, მოქალაქეებს თანხა დაუბრუნდებათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე თელმიკოსა და თელასის მიერ ელექტროენერგიის აბონენტების შემოწმების საკითხზე იმსჯელა.

კომისიის გადაწყვეტილებით, სემეკ-ის სპეციალური ჯგუფი ადგილზე შეისწავლის მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კი, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ. 

მარეგულირებლის გადაწყვეტილება დეკემბერ-იანვარში ელექტროენერგიის გადასახადის გადაჭარბებით დარიცხვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრებს უკავშირდება. კომისია თელასისა და თელმიკოს შემოწმებას 3 მარტს დაასრულებს. 

"ადგილზე შემოწმდება აღრიცხვის მონაცემების ფორმირების, ვალიდაციის, აღრიცხვის მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვის, აგრეთვე, თელმიკოსთვის აღრიცხვის მონაცემების გადაგზავნის მექანიზმისა და აღრიცხვის სისტემების გამართულობა, ელექტროენერგიის მრიცხველების წამკითხველების საქმიანობის განრიგი, აღრიცხვის მონაცემების აღების პროცესის ორგანიზებასა და წარმართვასთან დაკავშირებული საკითხები, საანგარიშსწორებო მრიცხველების შესაბამისი თვის ბოლო ოთხ კალენდარულ დღეში წაკითხვის ვალდებულებასთან კომპანიის ფიზიკური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების შესაბამისობა". –  წერია სემეკ-ის განცხადებაში.

კომენტარები