კულტურის სამინისტრო

სამინისტრომ სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევა ჩაშლილად გამოაცხადა

კულტურის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის სამ თეატრში – ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

"ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. 27 იანვარს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მასთან არსებულ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამი კანდიდატურა – რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია წარუდგინა. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზესტაფონის თეატრში დასანიშნად სამინისტროს არ წარედგინოს არც ერთი კანდიდატი, ვინაიდან წარმოდგენილ კანდიდატთაგან ვერც ერთმა საბჭოს სხდომაზე ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა, მაგრამ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არცერთი საკონკურსო განაცხადი არ შესულა.

რაც შეეხება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა 6-მა კანდიდატმა – თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ, ამავე თეატრის მსახიობმა – მაია სამანიშვილმა და რეჟისორებმა: გიორგი ჩალაძემ, ზაზა კიკნაველიძემ, მიხეილ ჩარკვიანმა და საბა ასლამაზიშვილმა.

კულტურის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, სამინისტროს განცხადებით, ისინი არ იძლევიან იმის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ "კარიერის მოცემულ ეტაპზე შეძლებენ ისეთი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვას, როგორიც არის ქუთაისის დრამატული თეატრი".

კომენტარები