საკრებულოები

ძალაუფლების განაწილების მიუღებლობა – ISFED-ის დასკვნა ოპოზიციური უმრავლესობის საკრებულოებზე

IPN

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ოპოზიციური უმრავლესობის მქონე მუნიციპალიტეტების საკრებულოების მუშაობაზე დაკვირვების შედეგი წარმოადგინა.  ორგანიზაციის დასკვნით, 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების შედეგად ფორმირებულ საკრებულოებში მიმდინარე პროცესები ნათლად წარმოაჩენს ქართული დემოკრატიის ნაკლოვანებებს, რომელთა შორისაა ძალაუფლების განაწილების მიუღებლობა, საზოგადოების საკეთილდღეოდ შეთანხმების მიღწევის სირთულე, უარეს შემთხვევაში  შეუძლებლობა, თვითმმართველობის არსის გაუცნობიერებლობა და რეალურად დეცენტრალიზაციის არარსებობა.

"არჩევნების შედეგებმა თვალნათლივ გვიჩვენა იმ გზის სირთულე, რაც ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ნამდვილი თვითმმართველობის მისაღწევად უნდა გაიაროს". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. ეს მუნიციპალიტეტებია: თვითმმართველი ქალაქები – რუსთავი და ბათუმი, თვითმმართველი თემები – ზუგდიდი, სენაკი, მარტვილი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა. ჩამოთვლილ თვითმმართველ ერთეულებში, მართალია, მმართველმა პარტიამ ვერ მოიპოვა მანდატების უმრავლესობა, თუმცა ეს ვერ მოახერხა ცალკე აღებულმა ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამაც.

ISFED-ის ცნობით, ოპოზიციური უმრავლესობის მქონე საკრებულოებში წარმოიშვა პრობლემები თანამდებობის პირთა დანიშვნის და უფლებამოსილების გადაბარების პროცესში. ასევე გამოვლინდა ზეწოლის სავარაუდო მცდელობები.

ანგარიშში საუბარია ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების დაჩქარებულ პროცესზეც. ორგანიზაციის განცხადებით, 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების პროცესის დაჩქარებულად ორგანიზება, სავარაუდოდ, საკრებულოს არჩევნებში მმართველი პარტიის ნაწილობრივ მარცხს და შედეგად მიღებულ ოპოზიციურ საკრებულოებთან თანამშრომლობის შესაძლო სირთულეების შიშს უკავშირდებოდა.

"მუნიციპალიტეტებში საკრებულოს არჩევნებში მმართველი პარტიის ნაწილობრივ მარცხს და შედეგად მიღებულ ოპოზიციურ საკრებულოებთან თანამშრომლობის შესაძლო სირთულეების შიშს, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების პროცესის დაჩქარებულად ორგანიზება. როგორც წესი, საკრებულოები ბიუჯეტს დეკემბრის მეორე ნახევრიდან, დეკემბრის მიწურულს ამტკიცებდნენ. ამჯერად, განხილვები გაიმართა შედარებით ადრე, რათა წინა მოწვევის, ფაქტობრივად, მანდატამოწურულ საკრებულოებს მოესწროთ ბიუჯეტის დამტკიცება და 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეულ ახალ წარმომადგენლობით ორგანოს, სადაც მმართველ პარტიას გარანტირებული უმრავლესობა არ ექნებოდა, არ დაებრკოლებინა ბიუჯეტის მიღება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კანონით დადგენილ ვადაში ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასა და არჩევნების ჩატარების აუცილებლობას განაპირობებს". – ვკითხულობთ ანგარიშში.

კომენტარები