კორონავირუსი საქართველოში

აცრილებთან შედარებით აუცრელების ინფიცირების შანსი 7.7-ჯერ მეტია – NCDC-ის ანგარიში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 15 მარტიდან (ვაქცინაციის დაწყებიდან) 31 დეკემბრამდე მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ არავაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი 7.7-ჯერ მეტია სრულად აცრილ პირებთან შედარებით.

NCDC-ის ცნობით, კორონავირუსით ორი დოზით აცრილი მოქალაქეების 6.49% დაინფიცირდა, ხოლო სამი დოზით აცრილთა 0.19%. ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში ლაბორატორიულად COVID-19-ით ინფიცირების 661 696 შემთხვევაა დადასტურებული.

ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილ მოქალაქეებში ლეტალობა 0.52%-ია (გარდაიცვალა 385 პაციენტი). 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში ვირუსით გამოწვეული ზოგადი ლეტალობა 1.59%-ია (გარდაიცვალა 10 532 პაციენტი).

"ადმინისტრირებული ვაქცინების შესაბამისად გაკეთებულმა შეფასებამ აჩვენა, რომ ვაქცინის ტიპის მიუხედავად, სრულად ვაქცინირებულ პოპულაციაში COVID-19-ით განპირობებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ COVID-19-ის სპეციფიკურ სიკვდილიანობის მაჩვენებელს". – ნათქვამია ანგარიშში.

NCDC-ის დასკვნით, ვაქცინაცია 94.14%-ით ამცირებს ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებას არავაქცინირებულ პოპულაციასთან შედარებით. 1 ბუსტერ დოზის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 99.79%-ია.

ანგარიშის თანახმად, COVID-19-ით სიკვდილიანობის კუმულაციური მაჩვენებლით (2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) საქართველო ევროპასა და აზიაში მე-5 ადგილზეა.

NCDC

კომენტარები