ეკონომიკა

გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, პოლონეთმა დამატებითი ღირებულების გადასახადები შეამცირა

ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების მატებისა და ინფლაციის დონს 8.6%-იან ნიშნულამდე ზრდის საპასუხოდ, პოლონეთის მთავრობამ დამატებითი ღირებულების გადასახადების (დღგ - VAT) დროებით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

2022 წლის თებერვლიდან 31 ივლისამდე პოლონეთში 0%-მდე შემცირდა სურსათის, ბუნებრივი აირისა და სასუქის დღგ. გადასახადების შემცირებულია ენერგოპროდუქტებზეც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საწვავს შეეხო, რომლის დამატებითი ღირებულების გადასახადი 23%-დან 8%-მდე შემცირდა.

"ამ პროგრამის მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობის ჯიბეში რაც შეიძლება მეტი ფული დარჩეს". – ამბობს პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი.

მთავრობის წარმომადგენლების შეფასებით, დღგ-ს შემცირება ქვეყნის მასშტაბით ფასების დასტაბილურებას და ინფლაციური წნეხის შემსუბუქებას გამოიწვევს. 

აღსანიშნავია, რომ გადასახადების შემცირება თითქმის მყისიერად აისახა ენერგოპროდუქტების ბაზარზე. ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურში საწვავის ფასები 10%-ით შემცირდა. 

პოლონეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენზინგასამართი ქსელის, ORLEN-ის აღმასრულებელი დირექტორის, დანიელ ობატეკის შეფასებით, დღგ-ს შემცირება საწვავის მნიშვნელოვნად გაიაფებას გამოიწვევს. 

მორავიეცკის თქმით, მთავრობის ანტიინფლაციური გეგმა სახელმწიფოს ბიუჯეტს, სავარაუდოდ, 4-5 მილიარდი დოლარი დაუჯდება. 
 

კომენტარები