ნორვეგია

სასამართლოს გადაწყვეტილებით ანდერს ბრეივიკი ციხეში რჩება

GETTY IMAGES

ნორვეგიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნეონაცისტი ტერორისტი ანდერს ბერინგ ბრეივიკი, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა, ციხეში რჩება. სასამართლოს ცნობით, ის კვლავ საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის. 

ულტრამემარჯვენე ბრეივიკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი იდეოლოგია არ შეცვლილა, ის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აპირებს ნაცისტურ იდეათა გავრცელებას. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ბრევიკის ეს პოზიცია არასანდოა და ის კვლავ საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის.  

"ეჭვგარეშეა, რომ [ბრეივიკს] დღესაც აქვს უნარი ჩაიდინოს ახალი მძიმე დანაშაულები, რამაც შეიძლება სხვებს საფრთხე შეუქმნას".- წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

19 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე შესული ბრეივიკი დამსწრეებს ნაცისტური სალამით მიესალმა. მას ასევე ჰქონდა ინგლისურ ენაზე ამობეჭდილი ლოზუნგები "შეწყვიტეთ გენოციდი თეთრი ერების წინააღმდეგ" და "ნაცისტური სამოქალაქო ომი".

ბრეივიკი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტია, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა. 8 ადამიანის სიცოცხლე ოსლოში მის მიერ ორგანიზებულ აფეთქებას ემსხვერპლა. 69 ადამიანი, უმეტესად მოზარდები, ბრეივიკმა ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმის დროს მოკლა. მას ნორვეგიაში არსებული მაქსიმალური სასჯელი, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ვადის გაზრდის შესაძლებლობით. 

გასულ წელს ოსლოს სახელმწიფო პროკურორის ოფისმა ბრეივიკს ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადის მიღებაზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ბრეივიკმა სააპელაციო სასამართლოში თავის უფლებებთან დაკავშირებული საქმე წააგო. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომ მისი იზოლაცია სამოთახიან საკანში არაადამიანური იყო. ბრეივიკის სარჩელი არ მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.

კომენტარები