ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა რაკეტის გამოცდის დროს კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

REUTERS

ჩრდილოეთ კორეამ გაავრცელა ფოტოები, რომლებიც მისი თქმით, საშუალო საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტის გამოცდის დროს კოსმოსიდან არის გადაღებული. ფოტოებზე კორეის ნახევარკუნძული და მიმდებარე ტერიტორია ჩანს. ფხენიანმა დაადასტურა, რომ საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა Hwasong-12 გამოცადა. სრული სიმძლავრით ამ ტიპის რაკეტას აშშ-ს ტერიტორიამდე მიღწევა შეუძლია.

რაკეტის გამოცდა სამხრეთ კორეის და იაპონიის ანტისარაკეტო სისტემებმა აღრიცხეს. სამხრეთ კორეის და იაპონიის ინფორმაციით, რაკეტამ ზღვის დონიდან 2 000 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და 30 წუთის განმავლობაში 800 კილომეტრი დაფარა. რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩავარდა. სრული სიმძლავრით და სტანდარტული ტრაექტორიით რაკეტას 4 000 კილომეტრის გაფრენა შეუძლია.

ჩრდილოეთ კორეის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე რაკეტის გაშვება და კოსმოსიდან გადაღებული ხედი ჩანს. ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიის KCNA-ს მიხედვით, რაკეტის გაშვების მიზანი მისი სისუსტის შემოწმება იყო. მისი ტრაექტორია კი "მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების გათვალისწინებით" იყო დაგეგმილი.

2017 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ მოქმედების ყველაზე დიდი რადიუსის რაკეტა გამოცადა. 2017-ში ფხენიანმა Hwasong-12 6-ჯერ გამოცდა, ორჯერ რაკეტებმა იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა. 2018 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის და აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტების გამოცდაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

2021 წლის იანვარში ჩრდილოეთ კორეამ სხვადასხვა ტიპის რაკეტა უკვე მეშვიდედ გამოცადა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის თქმით, რაკეტის ბოლო გამოცდა კიდევ ერთი ნაბიჯით აახლოებს ჩრდილოეთ კორეას სრულიად თქვას უარი შორი მანძილის, კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამოცდაზე თვითგამოცხადებულ მორატორიუმზე. მუნის თქმით, იანვარში რაკეტების გამოცდა ჰგავს 2017 წლის დაძაბულ მდგომარეობას.

იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ რაკეტის გამოცდა დაგმეს. გაერო ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდას უკრძალავს და ქვეყნისთვის მკაცრი სანქციებიც აქვს დაწესებული. თუმცა ჩრდილოეთ კორეა სისტემატურად არღვევს აკრძალვას.

აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას "დესტაბილიზაციის გამომწვევი შემდგომი მოქმედებებისგან" თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

იანვარში ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გაგრძელებისა და ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის გამო აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დაუწესა. CNN-ის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა იმ პირებს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამასთან და შეიარაღებულ ძალებთან. სანქცირებულთა შორის ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა, ოთხი კი – ჩინეთის.

 

კომენტარები