ირაკლი ღარიბაშვილი

"ნუნუ თამაზაშვილმა ტყის ნაკვეთი აუქციონით მიიღო" - ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე

Irakli Garibashvili / Facebook

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე განცხადებით ეხმაურება პრემიერმინისტრის ცოლისთვის, ნუნუ თამაზიშვილისთვის 5 958 კვ.მ ტყის 49 წლით გადაცემას გადაცემას და წერს, რომ მისთვის მიწა არ უჩუქებიათ, არამედ მან ელექტრონულ აუქციონში სრულიად კანონიერად გაიმარჯვა.

დავით ზაალიშვილის თქმით, ის ქართული ოცნების ოპონენტების და "მათი კუთვნილი ტელევიზიების" პროპაგანდას პასუხობს, რომლებიც ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრს ბაკურიანში მდებარე ტყის ნაწილი აჩუქეს.

"საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრისთვის, ვითომდა, ბაკურიანში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მასივის ჩუქებაზე. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და ეს არის სიცრუე და ცილისწამება!

რეალურად, ხსენებული ნაკვეთის 49-წლიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, 2021 წლის 17 დეკემბერს, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს ჰქონდა.

აუქციონი დასრულდა 2021 წლის 24 დეკემბერს, მასში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა - ნუნუ თამაზაშვილმა და 5958 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას გადაეცა 49 წლიანი იჯარით, მთელი რიგი ვალდებულებების, მათ შორის ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ელექტრონული აუქციონი იყო გამჭვირვალე და კანონიერი, მასში მონაწილეობა კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლო!", - წერს ის.

ზაალიშვილი ოპოზიციას მიმართავს, რომ ისინი საკუთარ უკანონო ქმედებების მმართველი პარტიისთვის გადაბრალებით ხალხს ვერ მოატყუებენ, რადგან "ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა".

"ბუნებრივია, ჩვენი ოპონენტებისთვის სრულიად გაუგებარია ღია და გამჭვირვალე ელექტრონული აუქციონების პრინციპი, რადგან მათ დროს ქონების დაუფლების ერთადერთი გზა ძალადობა, საკუთრების წართმევა, სხვა პირზე გადაფორმება, იძულება და რეკეტი იყო, თანაც ეს ყველაფერი სახელმწიფოს სახელით კეთდებოდა!

მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, თქვენი უკანონო მეთოდების სხვისთვის გადაბრალებით ჩვენს ხალხს ვერ მოატყუებთ!", - წერს ის.

კომენტარები