ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში 5 958 კვ.მ ტყე 49 წლით გადაეცა

Irakli Garibashvili / Facebook

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით 49 წლით გადაეცა. როგორც საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან ირკვევა, თამაზაშვილის წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს, 16:37 საათზე მიმართა, სარეგისტრაციო წარმოება კი თანხმობით იმავე დღის 18:37 საათზე დასრულდა

ფაქტზე ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა. მათ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ხელშეკრულების თანახმად, 5 958 კვ.მ მიწაზე არსებული ტყით სარგებლობაში ნუნუ თამაზაშვილი წლიურად 6 255.9 ლარს გადაიხდის. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მფლობელს უფლება აქვს, რომ ტერიტორია გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრის, ბესიკ დონაძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ქონებისთვის მითვისებისთვის სახელმწიფო აპარატი გამოიყენა და ეს უკვე დადასტურებული დანაშაულია.

"მნიშვნელოვანი და საყურადღებო ის არის, რომ პრემიერმინისტრის ბრძანებით მიწას გარკვეული შეზღუდვები მოეხსნა, სარეკრეაციო მოიხსნა, სატყეო ფონდი მოიხსნა, რაღაცები შემოიღობა. ის მის თანამდებობას იყენებს პირადი გამდიდრებისთვის. ღარიბაშვილმა სახელმწიფო აპარატი გამოიყენა იმისთვის, რომ სახელმწიფო ქონება მიეთვისებინა. ახლა უკვე იმ ქონებაზე რას ააშენებს და რას გააკეთებს, მისი ფანტაზიის ნაყოფია. უკვე შემდგარია კორუფციული სქემა და დადასტურებულია დანაშაული". – თქვა დონაძემ.

კომენტარები