კორონავირუსი საქართველოში

NCDC: პირველივე საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან დარეკეთ 112-ში

დაავადების ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს, კორონავირუსის პირველივე საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს ან დარეკონ 112-ში.

"თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:

  • ყელის, თავის ან წელის ტკივილი;
  • სურდო;
  • ზომიერი ცხელება;
  • ხველა;
  • ღამით ოფლიანობა;
  • საერთო სისუსტე

დარჩით სახლში ან გადადით საიზოლაციო სივრცეში. მაქსიმალურად შეზღუდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტი და აუცილებლობის შემთხვევაში, მათთან ურთიერთობისას გამოიყენეთ პირბადე.

პირველივე საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან დარეკეთ 112-ში და მიიღეთ ონლაინ კლინიკის მომსახურება.

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით. თავი მოარიდეთ საზიარო საყოფაცხოვრებო სივცრეების გამოყენებას. თუ ეს შესაძლებელია, იყავით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებში და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე.

გახსოვდეთ, ინფექციის გავრცელების შეჩერება თქვენს ხელშია! დაიცავით თქვენი საყვარელი ადამიანებისა და გარშემომყოფების ჯანმრთელობა" - ნათქვამია განცხადებაში.


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული, 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც მიმდინარე ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს გადასცდა. 26 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 100 013-ია, თუმცა, NCDC-ის დირექტორის თქმით, სხვადასხვა მათემატიკური მოდელირება აჩვენებს, რომ რეალურად ქვეყანაში ბევრად მეტს აქვს კორონავირუსი და ტესტით ინფიცირებულთა მხოლოდ 30-40% ვლინდება.

100 013 მიმდინარე პაციენტიდან 4 651 პირი კლინიკებში მკურნალობს, 2 023 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 93 339 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია  999, მათგან 283 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების  1 092 684 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 977 832 პაციენტი და გარდაიცვალა –  14 813.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები